დიდი პარადოქსი (თორნიკე ჩივაძე N#1)
დიდი პარადოქსი
სტატიას დავიწყებ რწმენისა და ტრადიციის გამიჯვნით რელიგიაში. რწმენა არის ნებელობითი გრძნობა-აქტი, რომელიც თავის თავში თავისუფალ არჩევანს გულისხმობს, ანუ ადამიანი ქმნის, ირჩევს რაღაც სივცეს, სინამდვილეს და არა სინამდვილე ადამიანს. ხოლო ტრადიცია უმზადებს რაღაც, სინამდვილეს ადამიანს. ნებისმიერი რელიგია აცხადებს პრეტენზიას ჭეშმარიტებაზე, ან ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე, აქედან გამომდინარე ყველა რელიგიაში თავისთავად არსებობს ფანატიზმის, თუნდაც ამპარტავნების საფრთხე. რელიგიის ტრადიციულად მიღებას, ანუ ამ სივრცეში არაცნობიერ ზიარებას, შეუძლია ჩამოაყალიბოს გაუცნობიერებელი და ფანატიკურად მოაზროვნე პიროვნება, რაც თავისთავად არ არის ორგანული ქრისტიანობისთვის. ეკლესიის პირველი ინტერესი სინამდვილეში უნდა იყოს არა ფანატიკური აზროვნების მქონე, არამედ იდეალების ნებაყოფლობით ერთგული ადამიანის ჩამოყალიბება. ეს არის თავი და თავი. "37. ხოლო იესო ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოველითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შიენითა და ყოველითა გონებითა შენითა".
აშკარაა რომ საქართველოში რელიგიურობა მეტად არის ტრადიციით განპირობებული და არა “კვლავწარმოებული” რწმენით ,ანუ ტრადიციის გადამუშავებით. მივიღეთ ის რომ, ქმნიან ახალ-ახალ “საკრალურ” ნივთებს, იგონებენ ახალ-ახალ რელიგიურ სამკაულებს, საყურეებს, ბეჭდებს და ამ ნივთებში თითქოს იკარგება
სული. ეკლესია მოდურია - კეკლუცი მორწმუნეების პოდიუმია. ქვეყნის მასიურმა გაუნათლებლობამ ამოხეთქა ისეთ მგრძნობიარე სივრცეში როგორიც რელიგიაა და სახეზე გვაქვს უამრავი დევიანტური ქმედება, დევიანტური არა საზოგადოების მოლოდინების არამედ ქრისტიანობის ბუნებრივი მოლოდინების მიხედვით . დევიანტური და პარადოქსულია ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი. . ფუნდამენტალისტების ქმედება არ ემთხვევა ქრისტიანულ მოძღვრებას და არც დაემთხვევა, რადგან ქრისტეს დანებით და დედის-გინებით არ ჭირდება დაცვა.(გავიხსენოთ ბიბლია როდესაც, პეტრე ყურს ჭრის ჯარისკაცს და ქრისტე უმთელებს მას).
ეკლესიას რეალურად ემუქრება დიდი საფრთხე, თუმცა აშკარაა რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით მიდის, რადგან ეკლესიის საფრთხე სწორედ მის წიაღში ჩაბუდებული დამახინჯებული აზროვნების მქონე ადამიანების ნაწილია და არა მის გარეთ მყოფი რელიგიური, სექსუალური უმცირესობები ან „ლიბერალები” და მასონები . უმჯობესია გააქტიურდეს აპოლოგეტიკური მსჯელობები და ასე გაეცეს პასუხი იმას რაც მიუღებელია ,რათქმაუნდა რელიგიური შემწყნარებლობა არ გულისხმობს ითმინო ის რაც მიუღებელია, რადგან ხშირია უაზრო და დამცინავი თავდასხმები ეკლესიაზე. უბრალოდ უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ფორმები, ვგულისხმობ იმას, რომ ფიზიკური შერკინება შეიცვალოს მენტალურ-გონებრივი ბრძოლით. ეკელსიამ მკაცრად უნდა დაგმოს ეს მახინჯი პროცესები. ეკლესიამ უნდა განასხვაოს ფსევდო და რეალური საფრთხეები და იზრუნოს ხალხის განათლებაზე, ევანგელიზაციაზე (ასევე საკუთარ განათლებაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კვლავ იმ ქვეყანად დარჩება სადაც „ათეისტები“ ეხვეწებიან „მორწმუნეებს“ ბიბლიის წაკითხვას.
N#1, 01.2011
თორნიკე ჩივაძე


0 Comments:
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home