დერატიზაცია (მარიამ ბრუხა N#1)
დერატიზაცია
დაბადებიდან, თითოეული ჩვენთაგანის გონება იკვებება “შხამების” ნაირსახეობებით, რომლებიც ყველგანაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია. შხამს, ამ შემთხვევაში, დავარქმევ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც უსასყიდლოდ გვაძლევენ (ხშირად ამაში საკმაო რაოდენობის თანხაც იხარჯება ჩვენსავე ნებით) ოჯახში, სკოლაში, ეკლესიაში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მიწოდების ფორმა მარტივია, ყველაფერი, ჩვენგან დამოუკიდებლად და დაუკითხავად, ჩვენს გარშემოა, მას გვერდს ვერ აუვლი. რეკლამებით, ბილბორდებზე ასახული სამოთხისეული ფუფუნებით, ტელევიზიით და ა.შ. საბოლოო ჯამში გვრჩება ათასი ნაგვით, უსარგებლო და ადამიანისთვის დესტრუქციული ინფორმაციებით, სურათ-ხატებით გამოტენილი, არა ცალკეული ინდივიდები, არამედ ერთმანეთის მსგავსი ტრივიალური არსებები. თუმცა, სულაც არ ვაპირებ კაცობრიობის უსარგელობაზე წერას. პირიქით, მე მინდა თვალი გავუსწოროთ რეალობას და ჩვენი ძალა იყოს სწორედ გამოყენებული, ერთობლივი და კონცენტრირებული ცვლილებებისკენ.
ადამიანური სოლიდარობის შეგრძნება და თავისუფლებისკენ ლტოლვა ახალგაზრდა სხეულში განსაკუთრებულად ღვივის. საკუთარი თავის უკეთ აღსაქმელად, საჭიროა განთავისუფლება და თავის დაღწევა უსასრულო პროპაგანდებისაგან. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით უნდა გვქონდეს შიში იმისა, რომ არ დავემსგავსოთ მონსტრ ექსპლუატატორებს, ვალდებულნი ვართ ვეძიოთ საკუთარ თავში პასუხისმგებლობა და სიბრძნე.
რა შეუძლია ხელოვნებას ასეთ გარემოში, ან რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა, რომ შეინარჩუნოს წმინდა ღირებულებები და არ გახდეს მოტყუებული მატყუარა? არ ვთვლი, რომ სილამაზე ემსახურება კომერციას და მაინც და მაინც მახინჯი რეალობაა “დაჩაგრული” და ხალხისგან იგნორირებული (ძირითადი ნაწილისგან), მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ემსახურო სილამაზეს, ფუფუნებას, ლამაზ პეიზაჟებს და სასიამოვნო განწყობის მომგვრელ სურათებს, რომელიც ხელოვნების სახელით ვერასდროს ილაპარაკებს. მეორეს მხრივ, ვხედავ ახლად დანერგილ ფსევდო ლიბერალურ სულისკვეთებას, რომელიც ეკლესიისა და უჭკუოების დაცინვით შემოიფარგლება და ეროტიკას ქადაგებს. ”ახალი მხატვრები” ზედმიწევნით, აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა “ფენებისთვის”, გემოვნებისთვის და ქვეყნისთვის. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია ასცდე ფუნდამენტალიზმს, დაკანონებულ წესებს, რითიც გაიძულებენ იხელმძღვანელო კარგად გამოცდილი და დიდი პრაქტიკის მქონე ბიძია მხატვრები (ლექტორები). ასეთი მხატვრები ემსგავსებიან დაქირავებულ მუშას. ეძიო ახალი, აკრიტიკო და წახვიდე არსებულის წინააღმდეგ, უარყო ძველი და იყო დროის ადეკვატური ეს ნორმალური მდგომარეობაა ახალგაზრდა არტისტისთვის და ამის უარყოფა არის სირცხვილი. რამდენჯერ უთქვამთ, მხატვარი უნდა გრძნობდესო, და რას უნდა გრძნობდეს, ფერს, ფორმას, ბუნებას? თუ არ გაქვს გაცნობიერებული დრო, რაშიც ფორმები, ნივთები და ადამიანები არსებობენ? მაშინ როგორ იგრძნობ მის არსს, განსხვავებულობას და განსაკუთრებულებობას? სხვა შემთხვევაში რჩები გულგრილი, განურჩეველი დამოკიდებულებით ყველაფრისადმი და ყველასადმი. არტისტმა უნდა მოკლას ყველა ეს სტერეოტიპები და სიმულაციები, უნდა ისწავლოს არასასურველი ინფორმაციებისგან თავის დაღწევა, ჩაიდინოს ტერორისტული აქტები, ანუ ერთიანად მოსპოს ძველი შეხედულებები კულტურაზე, რასაც ასე მონდომებით თავს გვახვევენ.
სწორედ, ამიტომ მეჩვენება მოვლენების ლოგიკურ გაგრძელებად, კულტურის მძიმე მდგომარეობა საქართველოში. რადგან ხელოვანები არ ზრუნავენ ახლის ძიებაზე, რადგან პოლიტიკა და ხელოვნება გამიჯნულია, რადგან ხელოვნება არ არის სოციალური, რადგან მხატვრობამ ფუნქცია ვერ შეიძინა და რადგან იდეას, დატვირთვას და პროტესტს ხელოვნებაში გაურბიან.
N#1, 01.2001
მარიამ ბრუხა


0 Comments:
Post a Comment
Subscribe to Post Comments [Atom]
<< Home