Tuesday, March 22, 2011

არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში (რამაზ ფარესაშვილი N#1)

არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში

მე ბორჯღალი ვარ, მზისა და მარადიული სიცოცხლის უძველესი სიმბოლო. ამჟამად საქართველოში ვიმყოფები და ამ ქვეყნისა და ქართველების საამაყო ნიშანი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ძველი შუმერები და არიელები მეთაყვანებოდნენ, მათი სიამაყის სიმბოლო ვიყავი. დღეს კი… აბა, რა გითხრათ, ქართულ პასპორტშიც ვარ ასახული, ხშირად მახსენებენ, მიყურებენ და ტკბებიან.

ჰო, ტკბობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება. შუმერები და არიელები გამომსახავდნენ, მაგრამ მათი სეკულარული დამოკიდებულება აღარ მახსოვს. ალბათ, ვიყავი ჩემთვის დედაბოძზე ან რომელიმე ტაძარში, ანდა მეომრის ფარზე საკრალურ ნიშნად გამოხატული. საქართველოში კი მართლაც ტკბობის, უფრო მეტიც, სიცოცხლის მიზნის უმთავრეს ემბლემად ვიქეცი. პასპორტზე არ ვსაუბრობ, არა. რასაც ახლა გეტყვით, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მე ქართველთა ბედნიერების, სანუკვარი ნეტარების ხორცშესხმა ვარ. დიახ, მე ვარ ხორცშესხმული - ინკარნირებული – ბორჯღალი, მზისა და სიცოცხლის ნიშანი. ხორცშესხმული ბორჯღალი კი ყველაზე უფრო პოპულარულია საქართველოში. არათუ პოპულარული, არამედ ყველასთვის საყვარელი, სათუთი და სანატრელი ვარ. ყველაფერს მე მადარებენ, ჩემსკენ ილტვიან და ყველაფერს მე ვურჩევნივართ ; სახლში თუ გარეთ ჩემზე ლაპარაკობენ და მადიდებენ. როცა მხედავენ თვალები უბრწყინდებათ და ნეტარების ბურუსში ეხვევიან, უჩემოდ ცხოვრებას მათთვის აზრი არ აქვს. ნუთუ ასეთ საყოველთაო დიდებასა და სიყვარულს ვიმსახურებდი შუმერებში ან არიელებში ? არა.

დიახ, იმას მოგახსენებდით, რომ მე ქართველთა ცნობიერებაში უმთავრესი ადგილი მეკუთვნის. ჩემს გარშემო ტრიალებს მათი ფიქრები, მისწრაფებები და მათი ლიბიდოს სუბლიმირებაც ჩემზე ხდება. ჯერ მე და მერე სხვა დანარჩენი. აბა, რისთვის ცხოვრობს ქართველი, თუ არა იმისთვის, რომ მრავალჯერ შემიცნოს და უმაღლეს ნეტარებას ეზიაროს. მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი, მიზეზი და მიზანი ქართველის მყოფადობისა ; მე ვარ ცოდნის წყარო და ქართული აკადემიის ნამდვილი წევრი. ხატოვნად რომ ვთქვა, ჩემი შუაგული საქართველოა, მბრუნავი ნაწილი კი ქართველები არიან. მე კერპი ვარ, ბომონი, ზევსი და არმაზი. ჩემს გარშემო იკრიბებიან ქართველები საზეიმოდ და ჩემს წინაშე აფრქვევენ დიადსა თუ მზაკვარ აზრებს. მე ვარ მოწმე ქართველთა გამარჯვებისა და მარცხისა, სიხარულისა და მწუხრისა, სიფხიზლისა და სიმთვრალისა, სიყვარულისა და სიძულვილისა, ერთგულებისა და ღალატისა. ქართველთა მესაიდუმლე და შთაგონება ვარ; მზე, ბარაქა და წყალობაც მე ვარ.

ჩემშია ქართული სამყაროს უმთავრესი ნივთიერებები თავმოყრილი : მაცოცხლებელი სითხე, ხორცი, პური და ცეცხლი.

დაე, ისმინოს ვისაც ყური აქვს: მე ვარ პური ქართველთა არსობისა, სათნო და სანატრელი მარჩენალი, ზრუნველი და მოამაგე ბორჯღალი, რომელსაც ინკარნაციაში ხინკალს მიწოდებენ.

 N#1, 01.2011
რამაზ ფარესაშვილი

0 Comments:

Post a Comment

Subscribe to Post Comments [Atom]

<< Home