Tuesday, March 22, 2011

კარლო კაჭარავა (N#1)

კარლო კაჭარავა

კარლო კაჭარავას მწერლობა ნაკლებადა ცნობილი. ის წერდა როგორც თანამედროვე ქართული ხელოვნების პრობლებზე, ისე ხელოვნების სოციალურ როლზე. ის ამახვილებდა ყურადღებას ისეთ თემებზე, რომლებიც აქტუალურია თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში.

 საუბრები სოციალური პრობლემატიკის ასპექტებზე უახლეს ქართულ მხატვრობაში
(კარლო კაჭარავა ამონარიდები სტატიიდან)

“ამჟამინდელი ვითარება ჩვენში უკვე მოითხოვს ახალი, საყოველთაოსაგან დამოუკიდებელი ღირებულებების შექმნას, რადგან ჩვენში უკვე აღარ ფუნქციონირებს არანაირი ხელოვნება, ”საზოგადო”, წინასწარგანზრახულის გარდა, და ისიც სავსებით განსაკუთრებულ იმიტაციას ქმნის. კეთილდღეობისა და იმავდროულად პრობლემატურობის ხელოვნება, რომელიც დაიბრუნებს სოციალურ ფუნქციას, უთუოდ პიროვნების, ინდივიდისა და მისი გარემომცველი ხელოვნებისაკენ მიმართული უნდა იყოს..
”ხელოვნების სოციალურ ფუნქციაზე დღეს ცოტა ფიქრობს ჩვენში. აქ თითქმის არ არის მიღებული სოციალური პრობლემეტიკის სრულიად გაცნობიერების ცდა, თუ არა სოციალური სოლიდარობის გამჟღავნება მაინც.”
”როგორ ფუნქციონირებს საქართველოში ხელოვნება? ქართველთათვის აღიარებული ავტორიტეტული ხელოვნება საქართველოში ფორმალისტურია და გასაყიდი (სამწუხაროდ, კომერციულსაც კი ვერ უწოდებ).”
”ჩვენში კი ავანგარდი ყველანაირი ტრადიციის ზედაპირულ უარყოფასთანაა გაიგივებული, ეს ხომ ასე ხელსაყრელია: არც არაფრის შესწავლა გვჭირდება, თუკი მაინც მყისვე უნდა უარყო.”
”საქართველო კონსერვატიული ქვეყანაა. დროთა განმავლობაში აქ ცოტა რამ იცვლება. ”მამათა და შვილთა” ბრძოლა XIX საუკუნის შემდეგ ანომალიად ითვლება”

http://art.dlf.ge/node/226

ცარიელი თავი და დაკავებული ხელები (ქ.ქ N#1)

ცარიელი თავი და დაკავებული ხელები

ჩვენს სამყაროსთან გატარებული დღის შემდეგ ვჯდები ჩემს სავარძელში. თვალებით ვაშტერდები პლასტმასის ყუთს, ის მელაპარაკება მე. ამ ყუთში სხვა ადამიანები არიან, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. ამ ახალ ადამიანებს თითქოს ვიღაც აძალებს, რომ მე მელაპარაკონ. ეს ხალხი ყველგანაა, ამიტომაც მე არჩევანი აღარ მაქვს და იძულებული ვარ მათ ვუსმინო. ისინი ჩემს ტვინს იმით ტენიან რაც მოაფიქრდებათ. ჩემი თავი ცარიელი ჭურჭელი გონიათ, რომელსაც ჯერ მათეთრებლით და შემდეგ ცოტა საწამლავიანი წყლით აავსებენ. მათეთრებელი სითხე სულელური თამაშია – ისინი მე ჩემთვის ხელმიუწვდომელ ფულს მანახებენ ან არ არსებული ადამიანები არ არსებულ ისტორიებს მიყვებიან, რომელთაც არანაირი საერთო არ აქვს ჩემს
ცხოვრებასთან, ჩემ სინამდვილესთან. ამ მათეთრებელი სითხით ცდილობენ დამავიწყონ მსოფლიოს სიღარიბე. ამოშალონ ჩემი სულიდან ჩემი პირადი ფიქრები, და მის ადგილას თავის ბინძური წყალი ჩაასხან, მათ მიერვე დაბინძურებული იდეებით და ყალბი წარმოდგენებით სამყაროზე. ამ წარმოდგენებს მაწვდიან თავიანთი გაზეთებიდან, ტაქტიკურად მანიპულირებული “ინფორმაციის” სახით. ყველაფრის უკან კი ტელევიზია და მთავრობა დგას. მედიის მონოპოლიზირებით (მემარცხენე თუ მემარჯვენე, ოპონენტები თუ მომხრეები) ჩვენ სხვა არჩევანს არ გვიტოვებენ გარდა იმისა რომ ვუსმინო მათ ლაპარაკს.
ისინი იპარავენ ჩვენს თავისუფალ ნებას. ჩვენ ამას უნდა გავცეთ პასუხი, ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ თავსმოხვეული თვლემიდან. ჩვენ ვფლობთ ჩვენს იარაღს: ჩვენი აზროვნების თავისუფლებას, ჩვენს ფანქრებს, ჩვენს ხელოვნებას, ჩვენს ხედვებს, ჩვენს ხმებს. დაე, ნუ დავივიწყებთ მათ გამოყენებას!


N#1, 01.2011
ქ.ქ

"როგორ შეხვდით შობა-ახალ წელს?" (უცნობი თვითმხილველიაშვილი N#1)

"როგორ შეხვდით შობა-ახალ წელს?" 

რთულია, როდესაც შვილისთვის ვერ შოულობ პურის ფულს.
შეუგუებლად რთულია, როდესაც იგივე პურს, იგივე საყვარელი ადამიანისთვის ვერ შოულობ ახალ წელს.
ახალ წელს - დღეს როდესაც ყველა, თვითოეული ქართველის ოჯახში პურ-მარილი და არა მარტო ეს უკანასკნელია გაშლილი.
შენ კი დგახარ სიცივეში, შეურაწყოფილი და ხელს იშვერ - იშვერ ფინანსური დახმარებისთვის და სულიერი ხმარებისთვის.
სახლში გელოდება მშიერი შვილი, რომელსაც მისი მეზობელი ბავშვივით სურს გულწრფელად ისროლოს და ააფეთქოს "სალიუტები" და ასევე გულწრფელად და აფეთქებით შეხვდეს ახალ წელს.
მაგრამ შენ - მის მშობელს არ გაქვს მისთვის გაურკვეველი "საშუალება".
შენ, შენი შვილის ბავშვობისთვის, 31 დეკემბერს მიდიხარ მიწისქვეშა გადასასვლელში და ყიდი: ბუშტებს, მზესუმზირას, მიწის თხილს...
მხოლოდ იმიტომ ხვდები ახალ წელს მიწის ქვეშ, რომ ახალ წელს შენი შვილი მშიერი და მოწყენილი არ შეხვდეს...
შენ გცივა, გშია, ტირი…

...ტირი დახეთქილი ბუშტებისთვის, ურნაში ჩაყრილი მზესუმზირისთვის, შეურაწყოფისთვის..., რომელსაც სინათლის, პოლიციის და ევრო სტანდარტული ქალაქის - თბილისის მერის მიერ გამოგზავნილი 35-40 წლის შავ სათვალიანი, ვერცხლისფერ ჯიპიანი თანამშრომელი გაყენებს..., რომლის შვილი მხოლოდ იმიტომ არის შენ შვილზე "გამძღარი, რომ ის შენ გირტყამს...

მას სხვა ურტყამს, სხვას სხვა N2 ურტყამს, სხვა N2-ს სხვა N3 და ასე გრძელდება... შენ კი ისევ შენი შვილისთვის ტირი...

დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე
 

N#1, 01.2011
უცნობი თვითმხილველიაშვილი

დერატიზაცია (მარიამ ბრუხა N#1)

დერატიზაცია

დაბადებიდან, თითოეული ჩვენთაგანის გონება იკვებება “შხამების” ნაირსახეობებით, რომლებიც ყველგანაა და ყველასათვის ხელმისაწვდომია. შხამს, ამ შემთხვევაში, დავარქმევ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც უსასყიდლოდ გვაძლევენ (ხშირად ამაში საკმაო რაოდენობის თანხაც იხარჯება ჩვენსავე ნებით) ოჯახში, სკოლაში, ეკლესიაში, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მიწოდების ფორმა მარტივია, ყველაფერი, ჩვენგან დამოუკიდებლად და დაუკითხავად, ჩვენს გარშემოა, მას გვერდს ვერ აუვლი. რეკლამებით, ბილბორდებზე ასახული სამოთხისეული ფუფუნებით, ტელევიზიით და ა.შ. საბოლოო ჯამში გვრჩება ათასი ნაგვით, უსარგებლო და ადამიანისთვის დესტრუქციული ინფორმაციებით, სურათ-ხატებით გამოტენილი, არა ცალკეული ინდივიდები, არამედ ერთმანეთის მსგავსი ტრივიალური არსებები. თუმცა, სულაც არ ვაპირებ კაცობრიობის უსარგელობაზე წერას. პირიქით, მე მინდა თვალი გავუსწოროთ რეალობას და ჩვენი ძალა იყოს სწორედ გამოყენებული, ერთობლივი და კონცენტრირებული ცვლილებებისკენ.

ადამიანური სოლიდარობის შეგრძნება და თავისუფლებისკენ ლტოლვა ახალგაზრდა სხეულში განსაკუთრებულად ღვივის. საკუთარი თავის უკეთ აღსაქმელად, საჭიროა განთავისუფლება და თავის დაღწევა უსასრულო პროპაგანდებისაგან. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით უნდა გვქონდეს შიში იმისა, რომ არ დავემსგავსოთ მონსტრ ექსპლუატატორებს, ვალდებულნი ვართ ვეძიოთ საკუთარ თავში პასუხისმგებლობა და სიბრძნე.

რა შეუძლია ხელოვნებას ასეთ გარემოში, ან რა უნდა გააკეთოს ხელოვანმა, რომ შეინარჩუნოს წმინდა ღირებულებები და არ გახდეს მოტყუებული მატყუარა? არ ვთვლი, რომ სილამაზე ემსახურება კომერციას და მაინც და მაინც მახინჯი რეალობაა “დაჩაგრული” და ხალხისგან იგნორირებული (ძირითადი ნაწილისგან), მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ემსახურო სილამაზეს, ფუფუნებას, ლამაზ პეიზაჟებს და სასიამოვნო განწყობის მომგვრელ სურათებს, რომელიც ხელოვნების სახელით ვერასდროს ილაპარაკებს. მეორეს მხრივ, ვხედავ ახლად დანერგილ ფსევდო ლიბერალურ სულისკვეთებას, რომელიც ეკლესიისა და უჭკუოების დაცინვით შემოიფარგლება და ეროტიკას ქადაგებს. ”ახალი მხატვრები” ზედმიწევნით, აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა “ფენებისთვის”, გემოვნებისთვის და ქვეყნისთვის. ასეთ სიტუაციაში შეუძლებელია ასცდე ფუნდამენტალიზმს, დაკანონებულ წესებს, რითიც გაიძულებენ იხელმძღვანელო კარგად გამოცდილი და დიდი პრაქტიკის მქონე ბიძია მხატვრები (ლექტორები). ასეთი მხატვრები ემსგავსებიან დაქირავებულ მუშას. ეძიო ახალი, აკრიტიკო და წახვიდე არსებულის წინააღმდეგ, უარყო ძველი და იყო დროის ადეკვატური ეს ნორმალური მდგომარეობაა ახალგაზრდა არტისტისთვის და ამის უარყოფა არის სირცხვილი. რამდენჯერ უთქვამთ, მხატვარი უნდა გრძნობდესო, და რას უნდა გრძნობდეს, ფერს, ფორმას, ბუნებას? თუ არ გაქვს გაცნობიერებული დრო, რაშიც ფორმები, ნივთები და ადამიანები არსებობენ? მაშინ როგორ იგრძნობ მის არსს, განსხვავებულობას და განსაკუთრებულებობას? სხვა შემთხვევაში რჩები გულგრილი, განურჩეველი დამოკიდებულებით ყველაფრისადმი და ყველასადმი. არტისტმა უნდა მოკლას ყველა ეს სტერეოტიპები და სიმულაციები, უნდა ისწავლოს არასასურველი ინფორმაციებისგან თავის დაღწევა, ჩაიდინოს ტერორისტული აქტები, ანუ ერთიანად მოსპოს ძველი შეხედულებები კულტურაზე, რასაც ასე მონდომებით თავს გვახვევენ.

სწორედ, ამიტომ მეჩვენება მოვლენების ლოგიკურ გაგრძელებად, კულტურის მძიმე მდგომარეობა საქართველოში. რადგან ხელოვანები არ ზრუნავენ ახლის ძიებაზე, რადგან პოლიტიკა და ხელოვნება გამიჯნულია, რადგან ხელოვნება არ არის სოციალური, რადგან მხატვრობამ ფუნქცია ვერ შეიძინა და რადგან იდეას, დატვირთვას და პროტესტს ხელოვნებაში გაურბიან.

N#1, 01.2001
მარიამ ბრუხა

არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში (რამაზ ფარესაშვილი N#1)

არიული სიმბოლიკა 21-ე საუკუნის საქართველოში

მე ბორჯღალი ვარ, მზისა და მარადიული სიცოცხლის უძველესი სიმბოლო. ამჟამად საქართველოში ვიმყოფები და ამ ქვეყნისა და ქართველების საამაყო ნიშანი ვარ, თუმცა ჯერ კიდევ ძველი შუმერები და არიელები მეთაყვანებოდნენ, მათი სიამაყის სიმბოლო ვიყავი. დღეს კი… აბა, რა გითხრათ, ქართულ პასპორტშიც ვარ ასახული, ხშირად მახსენებენ, მიყურებენ და ტკბებიან.

ჰო, ტკბობაზე უნდა გავამახვილო ყურადღება. შუმერები და არიელები გამომსახავდნენ, მაგრამ მათი სეკულარული დამოკიდებულება აღარ მახსოვს. ალბათ, ვიყავი ჩემთვის დედაბოძზე ან რომელიმე ტაძარში, ანდა მეომრის ფარზე საკრალურ ნიშნად გამოხატული. საქართველოში კი მართლაც ტკბობის, უფრო მეტიც, სიცოცხლის მიზნის უმთავრეს ემბლემად ვიქეცი. პასპორტზე არ ვსაუბრობ, არა. რასაც ახლა გეტყვით, ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მე ქართველთა ბედნიერების, სანუკვარი ნეტარების ხორცშესხმა ვარ. დიახ, მე ვარ ხორცშესხმული - ინკარნირებული – ბორჯღალი, მზისა და სიცოცხლის ნიშანი. ხორცშესხმული ბორჯღალი კი ყველაზე უფრო პოპულარულია საქართველოში. არათუ პოპულარული, არამედ ყველასთვის საყვარელი, სათუთი და სანატრელი ვარ. ყველაფერს მე მადარებენ, ჩემსკენ ილტვიან და ყველაფერს მე ვურჩევნივართ ; სახლში თუ გარეთ ჩემზე ლაპარაკობენ და მადიდებენ. როცა მხედავენ თვალები უბრწყინდებათ და ნეტარების ბურუსში ეხვევიან, უჩემოდ ცხოვრებას მათთვის აზრი არ აქვს. ნუთუ ასეთ საყოველთაო დიდებასა და სიყვარულს ვიმსახურებდი შუმერებში ან არიელებში ? არა.

დიახ, იმას მოგახსენებდით, რომ მე ქართველთა ცნობიერებაში უმთავრესი ადგილი მეკუთვნის. ჩემს გარშემო ტრიალებს მათი ფიქრები, მისწრაფებები და მათი ლიბიდოს სუბლიმირებაც ჩემზე ხდება. ჯერ მე და მერე სხვა დანარჩენი. აბა, რისთვის ცხოვრობს ქართველი, თუ არა იმისთვის, რომ მრავალჯერ შემიცნოს და უმაღლეს ნეტარებას ეზიაროს. მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი, მიზეზი და მიზანი ქართველის მყოფადობისა ; მე ვარ ცოდნის წყარო და ქართული აკადემიის ნამდვილი წევრი. ხატოვნად რომ ვთქვა, ჩემი შუაგული საქართველოა, მბრუნავი ნაწილი კი ქართველები არიან. მე კერპი ვარ, ბომონი, ზევსი და არმაზი. ჩემს გარშემო იკრიბებიან ქართველები საზეიმოდ და ჩემს წინაშე აფრქვევენ დიადსა თუ მზაკვარ აზრებს. მე ვარ მოწმე ქართველთა გამარჯვებისა და მარცხისა, სიხარულისა და მწუხრისა, სიფხიზლისა და სიმთვრალისა, სიყვარულისა და სიძულვილისა, ერთგულებისა და ღალატისა. ქართველთა მესაიდუმლე და შთაგონება ვარ; მზე, ბარაქა და წყალობაც მე ვარ.

ჩემშია ქართული სამყაროს უმთავრესი ნივთიერებები თავმოყრილი : მაცოცხლებელი სითხე, ხორცი, პური და ცეცხლი.

დაე, ისმინოს ვისაც ყური აქვს: მე ვარ პური ქართველთა არსობისა, სათნო და სანატრელი მარჩენალი, ზრუნველი და მოამაგე ბორჯღალი, რომელსაც ინკარნაციაში ხინკალს მიწოდებენ.

 N#1, 01.2011
რამაზ ფარესაშვილი

როლი (რუმი პეტრიწი N#1)

როლი 

დღეს, აქ - ახალგაზრდები მკვდრები არიან !!!მათ შორის მეც მკვდარი ვარ და თქვენც მკითხელო... თქვენც მკვდარი ბრძანდებით. იმიტომ, რომ მე და კიდევ უამრავი ახალგაზრდა და არაახალგაზრდა ცუდად გრძნობს თავს.


ჩვენ კარგად ვხედავთ რა მოუვიდა იმ ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც ჩუმად იჯდნენ ან გააჩუმეს. ისინი ცოცხლები აღარ არიან. უფრო სწორად ცოცხალი გვამები არიან.აქ ვერავინ - ვერ ხედავს, აქ არავის - არ ესმის, აქ არავინ - არ ლაპარაკობს.ვინც ხედავს და ისმენს - ამბობს ვიწრო წრეში. ვინც ვიწრო წრეში ისმენს - კიდევ უფრო ვიწრო წრეში ამბობს და ბოლოს საერთოდ აღარ ისმის ხმა, აღარც ესმით და ვეღარც ხედავენ. ანუ ყალიბდება ადამიანთა ის ნაწილი, რომელსაც პრობლემების "არ ყოფნა" ურჩევნია ვიდრე რაიმე რისკზე წასვლა. "ერთი განიცდის, გრძნობს და თავს იწვავს, მეორე კი დამწვარ ადამიანს უყურებს და მის სიმხურვალეზე თბება."


ზუსტად დღეს არის ის დრო როდესაც ჩვენ უნდა ვჭრიდეთ და ვაგვარებდეთ იმ პრობლემებს, რომელიც აქ, ამ დაწყევლილ ვიღაცეების მიერ შემოღობილ ტერიტორიაზეა. დღეს არის ახალგაზრდობის როლი უმთავრესი "სამოქალაქო საზოგადოებაში", დღეს ანუ ე.შ (შერქმეულ) "მშვიდობიან", "პროგრესირებად", "რევოლუციურ" საქართველოში. დღეს, ამ "დემოკრატიულ" სახელმწიფდოში უნდა ვაკრიტიკებდეთ ყველა პოლიტიკოსს, ქვეყნის პოლიტიკას, ეკონომიკურ მდგომარეობას (რომელიც დღითიდღე უარესდება - ჩემი აზრით) და ე.შ (შერქმეულ) საზოგადო მოღვაწეებს, რომლებსაც ერთი ადგილის განძრევა ყველაზე მტად ეშინიათ.დღეს ამ სასწავლებლებში უნდა ვეძებოთ გზები იაფი და ხარისხიანი (შეძლებისდაგვარად) სწავლისკენ.დღეს უნდა ვუთხრათ რუსთავი 2-დან დაწყებული მაესტროთი დამთავრებული ყველა სატელევიზიო არხს, რომ მათი დრო წავიდა... ჩვენ აღარ გვინდა ნაგვის მირთმევა.

და რატომ? იმიტმო, რომ ნ ა გ ა ვ ი ა.

დღეს ჩვენ თუ არ ვთქვით უარი ნაგავზე ხვალ ჩვენ დავემსგავსებით ნაგვებს.


და რატომ დღეს?

დღეს არის მთავარი და დღეს არის ამის საშუალება.ჩვენი, ახალგაზრდების როლი ხშირ შემთხვევაში იკარგება და იკარგებოდა ყოველთვის თუ აღმოსავლეთ ევროპის მაგალითს ავიღებთ.პირველი რა საშიშროებაზეც ვსაუბრობ ეს არის ომი. ომის დროს არავის არ ახსოვს არც კანონები და არც გეგმა აქვთ ქვეყნის განვითარების. პირველი რაც ხდება ქვეყანა გადადის სრულ ყაზარმულზე და ხდება "ჯარული" (http://www.youtube.com/watch?v=fNTXE0r9Ezg).მგონი არცერთ სტუდენტს არ გაახსენდება "სწავლის ალტ. გეგმები" იმ დროს როცა მისი სასწავლებლის წინ ტანკი იდგება. მითუმეტეს სხვა ქვეყნის ტანკი.არც პოლიტიკოსები მოიკლავენ თავს ქვეყნის განვითარებაზე ფიქრით.და არც მე მოვიკლავ თავს თუ თქვენ არ მოიკლავთ თავს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცი რისი გამკეთებლებიც ხართ.


მე მჯერა ახალი ადამიანის.

მე მჯერა ახალი უფრო ჰუმანურად მოაზროვნე, უფრო შემწყნარებელი, უფრო მგრძნობიარე ადამიანის ვიდრე ჩვენ.

და არა, საბჭოთა - ზომბი და კაპიტალიზმის - მონა ადამიანების.

და თუ თქვენ არ გინდატ დაემსგავსოდ ადამიანებს, რომლებიც სხეულზე ადრე მოკვდნენ იფიქრეთ და გააკეთეთ რაც შეგიძლია მეტი... მეტი კეთილდღეობისთვის.

N#1, 01.2011
რუმი პეტრიწი

დიდი პარადოქსი (თორნიკე ჩივაძე N#1)

დიდი პარადოქსი

სტატიას დავიწყებ რწმენისა და ტრადიციის გამიჯვნით რელიგიაში. რწმენა არის ნებელობითი გრძნობა-აქტი, რომელიც თავის თავში თავისუფალ არჩევანს გულისხმობს, ანუ ადამიანი ქმნის, ირჩევს რაღაც სივცეს, სინამდვილეს და არა სინამდვილე ადამიანს. ხოლო ტრადიცია უმზადებს რაღაც, სინამდვილეს ადამიანს. ნებისმიერი რელიგია აცხადებს პრეტენზიას ჭეშმარიტებაზე, ან ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე, აქედან გამომდინარე ყველა რელიგიაში თავისთავად არსებობს ფანატიზმის, თუნდაც ამპარტავნების საფრთხე. რელიგიის ტრადიციულად მიღებას, ანუ ამ სივრცეში არაცნობიერ ზიარებას, შეუძლია ჩამოაყალიბოს გაუცნობიერებელი და ფანატიკურად მოაზროვნე პიროვნება, რაც თავისთავად არ არის ორგანული ქრისტიანობისთვის. ეკლესიის პირველი ინტერესი სინამდვილეში უნდა იყოს არა ფანატიკური აზროვნების მქონე, არამედ იდეალების ნებაყოფლობით ერთგული ადამიანის ჩამოყალიბება. ეს არის თავი და თავი. "37. ხოლო იესო ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოველითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შიენითა და ყოველითა გონებითა შენითა".
აშკარაა რომ საქართველოში რელიგიურობა მეტად არის ტრადიციით განპირობებული და არა “კვლავწარმოებული” რწმენით ,ანუ ტრადიციის გადამუშავებით. მივიღეთ ის რომ, ქმნიან ახალ-ახალ “საკრალურ” ნივთებს, იგონებენ ახალ-ახალ რელიგიურ სამკაულებს, საყურეებს, ბეჭდებს და ამ ნივთებში თითქოს იკარგება
სული. ეკლესია მოდურია - კეკლუცი მორწმუნეების პოდიუმია. ქვეყნის მასიურმა გაუნათლებლობამ ამოხეთქა ისეთ მგრძნობიარე სივრცეში როგორიც რელიგიაა და სახეზე გვაქვს უამრავი დევიანტური ქმედება, დევიანტური არა საზოგადოების მოლოდინების არამედ ქრისტიანობის ბუნებრივი მოლოდინების მიხედვით . დევიანტური და პარადოქსულია ქრისტიანული ფუნდამენტალიზმი. . ფუნდამენტალისტების ქმედება არ ემთხვევა ქრისტიანულ მოძღვრებას და არც დაემთხვევა, რადგან ქრისტეს დანებით და დედის-გინებით არ ჭირდება დაცვა.(გავიხსენოთ ბიბლია როდესაც, პეტრე ყურს ჭრის ჯარისკაცს და ქრისტე უმთელებს მას).
ეკლესიას რეალურად ემუქრება დიდი საფრთხე, თუმცა აშკარაა რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით მიდის, რადგან ეკლესიის საფრთხე სწორედ მის წიაღში ჩაბუდებული დამახინჯებული აზროვნების მქონე ადამიანების ნაწილია და არა მის გარეთ მყოფი რელიგიური, სექსუალური უმცირესობები ან „ლიბერალები” და მასონები . უმჯობესია გააქტიურდეს აპოლოგეტიკური მსჯელობები და ასე გაეცეს პასუხი იმას რაც მიუღებელია ,რათქმაუნდა რელიგიური შემწყნარებლობა არ გულისხმობს ითმინო ის რაც მიუღებელია, რადგან ხშირია უაზრო და დამცინავი თავდასხმები ეკლესიაზე. უბრალოდ უნდა იქნას გამოყენებული შესაბამისი ფორმები, ვგულისხმობ იმას, რომ ფიზიკური შერკინება შეიცვალოს მენტალურ-გონებრივი ბრძოლით. ეკელსიამ მკაცრად უნდა დაგმოს ეს მახინჯი პროცესები. ეკლესიამ უნდა განასხვაოს ფსევდო და რეალური საფრთხეები და იზრუნოს ხალხის განათლებაზე, ევანგელიზაციაზე (ასევე საკუთარ განათლებაზე), წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო კვლავ იმ ქვეყანად დარჩება სადაც „ათეისტები“ ეხვეწებიან „მორწმუნეებს“ ბიბლიის წაკითხვას.

N#1, 01.2011
თორნიკე ჩივაძე

პირველი სტატიის შესავალი (ქ.ქ N#1)

პირველი სტატიის შესავალი

ქაოსური ადამიანი, ლამაზი აბსურდი?

დიახ, ეს არის გაზეთის სახელი, მაგრამ რატომ? რადგან მსოფლიო სულ უფრო და უფრო უძლურდება: უამრავი ადამიანი შიმშილობს, ცხოვრობენ რა საშინელ პირობებში, მეორე მხრივ კი ადამიანები მდიდრულ სასტუმროებში სვამენ მარტინს, ეწევიან სიგარას და მხოლოდ ფულის დაბანდებაზე ფიქრობენ. ეს არის მსოფლიოს წესები, ეს არის ადამიანი და მაშასადამე ეს ქაოსია. ლამაზი აბსურდით კი ჩვენ ვერ შევასწორებთ მას, მაგრამ სხვა მხრივ დავინახავთ. ქ.ა.ლ.ა. რა არის ეს? ქაღალდის ნაგლეჯი, იდეა, იდეოლოგია, ცდა და თავისუფალი აზრის სივრცე თბილისში.

და რატომ?

რომ თავი უფრო თავუსუფლად იგრძნო, არანაირი ცენზურა, რომ გაექცე ინსტიტუციონალიზმს, დაივიწყო სხვების ხედვა და უბრალოდ ისაუბრო. აქYყველაფერი მიღებულია!!! როგორ? ჩვენი მეგობრული მტკიცე კავშირის დამსახურებით. ქ.ა.ლ.ა. არ არის პოლიტიკური სახელისუფლებო და აკადემიური, არ ვეხმარებით არცერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას მხოლოდ სიტყვის თავისუფლების განვითარებას, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.
რა შეიძლება იპოვო ქ.ა.ლ.ა.-ში?

ყველაფერი რაც შენს ქალა(ქ)შია: ლექსები, სურათები (ფოტოები), სტატიები, კრიტიკა და საერთოდ ყველაფერი, რადგან სიტყვის შეზღუდვა ჩვენთან არ არსებობს.

ასე რომ აიღეთ ჩემო მეგობრებო კალამი, რადგან მხოლოდ ერთად შევძლებთ ამ იდეის განხორციელებას. მივცეთ აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა და ალტენრატიული ინფორმაცია ყველას, რომელიც ინფორმაციული მონოპოლიზირებისგან თავუსუფალი იქნება. მოდით ერთად ავაგოთ ახალი ქალა, რომელიც მიეძღვნება სიამოვნებას და თავისუფალი გამოხატვის ორგაზმულ გრძნობას.

N#1, 01.2011
ქ.ქ



 

სტატიის ფორმატი

სტატიის ფორმატი

1. სტატიები უნდა იყოს პატარა (300 სიტყვა)
იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა სხვებსაც მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება.

2. ჩვენ ვართ სერიოზულები, მაგრან ვინაიდან მსოფლიო არის აბსურდული ჩვენ ამ აბსურდს ვუყურებთ მსუბუქად და იუმორით. ვინაიდან თუ ჟურნალი იქნება ზედმეტად სერიოზული და ვრცელი მკითხელს მოწყინდება და აღარ წაიკითხავს იუმორით შეფუთულ პრობლემებს.

3. შენ შეგიძლია ეს ჟურნალი წაიკითხო ავტობუსში, ტუალეტში, მეტროში, ქუჩაში…

4. ჩვენ არ გვინდა სტატიები იყოს გადმოკოპირებული ინტერნეტ სივრციდან. იმიტომ, რომ გვინდა ახალი და რეალური.

5. რატომ ქაღალდი? იმიტომ, რომ ეს არის აზრის გამოხატვის იშვიათი და განსაკუთრებული ფორმა და ეს შეიძლება წაიკითხოს სრულიად განსხვავებულმა ადამიანებმა განსხვავებით ინტერნეტ სივრცისგან.

6. ქალა ეს არ არის ენციკლოპედია, თეზისები – ეს არის უბრალოდ პასუხი ზეწოლაზე.

ქალა - ევროპა

ქაოსური ადამიანი ლამაზი აბსურდი

ჩემო ძვირფასო მეგობრებო

მსურს წარმოგიდგინოთ პროექტი გაზეთის შესახებ და მოხარული ვიქნები თქვენი სურვილისამებრ თუ მონაწილეობას მიიღებთ მის შექმნაში.

პროექტის მიზანია არაკომერციული გაზეთის შექმნა ,თბილისში , რომელშიც ყველას შეეძლება თავისუფალი აზრის დაფიქსირება.რა თქმა უნდა გაზეთს არ აქვს დიდი ამბიცია , ის იქნება ა5 ფორმატის 10 გვერდი და ნებისმიერი დანახარჯი დაფარული იქნება ჩვენს მიერ. მისი გავრცელება კი ფოტოკოპირების (Xerox) საშუალებით მოხდება.იდეის მიზანს წარმოადგენს საზოგადოებისთვის ჩვენი აზრის მიწოდება ინტერნეტ რესურსების გარეშე , გაზეთის ფურცლების საშუალებით.

ყველა სტატია იქნება ქართულ ენაზე, რადგან ის განკუთვნილია ქართული საზოგადოებითვის, თუმცა უამრავი მოხალისე უცხოელი ვიღებთ მასში მონაწილეობას. თქვენი სტატიები გთხოვთ გამოაგზავნოთ ყოველი თვის 10-15 რიცხვამდე რადგან საჭიროა მათი საგაზეთო ბადეში მოთავსება.

მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ძალიან პოპულარულია დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. რა თქმა უნდა მე სულაც არ მსურს პოპულიზაცია გავუწიო ევროპის ამ ნაწილს თუმცა ვფიქრობ რომ გაზეთის ამ მოდელის დამკვიდრება საქართველოში აუცილებელია. სხვამხრივ გვსურს ამ გაზეთის საზღვარგარეთ გავრცელება, სხვა და სხვა ქალაქებში (ოქსფორდის უნივერსიტეტში, პარიზში, მარსელსა და ბერლინში) და დიდი ქსელის ჩამოყალიბებას რათა ევროპაში გაიცნონ ქართველი ახალგაზრდების იდეები.

რა არის ქალა?

ქალა !!!

ეს არის ქართული, სახალხო, არაკომერციული (უფასო) ჟურნალი “ქალა”, სადაც ყველა ადამიანს (სურვილისამებრ) შეუძლია დაწეროს და გამოაგზავნოს საკუთარი აზრი ამა თუ იმ თემასთან დაკავშირებით (თემა შეუზღუდავია), ასევე ფოტო მასალა, ნახატები, საინტერესო სტატისკიტები და ამორჩევის შემთხვევაში ჟურნალში დაიბეჭდება.


“ჩვენ” ანუ თავისუფალი მოქალაქეები ქალაში !!!

“ჩვენ” ვართ რიგითი ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც დავინტერესდით და გავაკეთეთ ჩვენი ფრანგი მეგობრის მიერ შემოთავაზებული იდეა. იდეა თავისუფალ ჟურნალზე, რომელიც დასავლეთ ევროპაში ძალიან პოპულარული ინფორმაციის გავრცელების საშუალებაა, რადგან საზოგადოება არ იყოს დამოკიდებული მატყუარა, დეზინფორმატორი, დაკვეთილი და მოსყიდული (ზოგჯერ წართმეული) ტელევიზიების ასევე ტყუილ და მოსყიდულ ინფორმაციაზე.
(მაგ.: საბურთალოზე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წინ ხელისუფლებისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ ლტოლვილებისადმი, სახლიდან გამოსახლებამ და საშინელმა პირობებმა ერთ-ერთი ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, გადაისხა ბენზინი და დაიწვა თავი. ამის შესახებ ერთ-ერთი ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას, რომ საბურთალოზე ერთ-ერთმა სულიერად ავადმყოფმა ქალმა, გაურკვეველი მიზეზების გამო დაიწვა თავი.)


მასალას ნომერში გამოსაქვეყნებლად ვირჩევთ “ჩვენ” – ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულები ვართ ასეთი ჟურნალის საქართველოში არსებობით.

ნებისმიერ ადამიანს ვისაც კი აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა ჟურნალის გაუმჯობესებაში და დახვეწვაში უნდა შემოგვიერთდეს და დაგვიკავშირდეს მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე.


E_mail: akhali.qala@gmail.com